პარტია "დროას" ლიდერმა და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ 2 ოქტომბრის არჩევნებში ხმა უკვე მისცა. ის ვაკეში, მე-12 საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ მივიდა.
"ეს არის რეალურად რეფერენდუმი და რეფერენდუმი არა ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ის იშვიათი დღეა, როცა მოქალაქეებს კონკრეტულად აქვთ იარაღი, რომ ქვეყანა შეცვალონ, თუ დღეს არის უკმაყოფილება იმ ყოფით, რომელშიც ვართ მათ აქვთ საშუალება ეს შეცვალონ, მათ აქვთ ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, დიდი შანსი გვაქვს ისტორიული გადაწყვეტილების მიღების და ეს ასეც მოხდება.
"განისაზღვრება გავაგრძელებთ ესეთ ყოფაში ცხოვრებას თუ არა, გვინდა თუ არა გვაკადრონ ბიძინაობა, ან ნებისმიერი მმართველის მილოცვები, ტყუილები, ადამიანის დაჩაგვრა, სისტემის შეწირვა, მოსმენა, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს", - თქვა მან.
ხოშტარია ამბობს, რომ მოქალაქეებს საშუალება აქვთ ოპოზიციაში საკუთარი გემოვნების გუნდი ნახოს და მხარი კოალიციური მთავრობის შექმნას დაუჭიროს.