პრემიერის მიერ კორუფციასთან დაკავშირებულ განცხადებას მმართველ გუნდში ამართლებენ. "ქართული ოცნების" წევრები ამტკიცებენ, რომ გიორგი გახარიას კორუფციასთან დაკავშირებით არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ გახარიას სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია ოპოზიციამ გააკეთა. თუმცა მმართველი პარტიის წევრები აღნიშნავდნენ, რომ კორუფცია ყველა ქვეყანაში არსებობს, მათ შორის საქართველოში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოში კორუფციის დონე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, დაბალია.
ეს პრემიერს არ უთქვამს, ანუ კითხვაში არის უკვე ტყუილი, არასწორი კითხვა არის დასმული და შესაბამისად, არასწორ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე არ არის არასწორი. პრემიერს ეს არ უთქვამს. რაც შეეხება კორუფციას, სხვადასხვა დოზით ის შეიძლება ყველგან იყოს, თუმცა საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში არის მოწინავე სწორედ ამ კომპონენტში და უსწრებს ევროკაშირის არაერთ წევრ ქვეყანას, - ამბობს კობახიძე.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პოზიციას იზიარებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. მისი თქმით, კორუფციას არაერთი სამსახური ამოწმებს და ასევე ამბობს, რომ კორუფცია ყველა ქვეყანაშია.
"ქართულ-ჯიგრულ პონტში" პრივილეგირებულ კომპანიებზე ქვეყნის პრემიერმა, გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის და თუ რომელიმე კომპანია, უფრო მეტად ხელშეუხებელია, ეს მხოლოდ ქართული მენტალიტეტის დამსახურებაა და არა პოლიტიკური კორუფციის.