აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ დღევანდელი არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის შესაძლებლობა, ამომრჩევლებმა საკუთარი ხმა დააფიქსირონ.
ელჩის თქმით, ვაშინგტონი, სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი აქტიურად აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. დეგნანის თქმით, შემაშფოთებელია წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევები.
"ძალიან აქტიურად ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს, ვაშინგტონიც ძალიან ყურადღებით აკვირდება, დაინტერესებულია სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი და კონგრესიც. შეშფოთებული ვართ ცნობებით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაშინებებს, დარღვევებს, შევიწროებას და უფლებამოსილების გადამეტებას შეეხება. გვაქვს ცნობები ადგილობრივი დამკვირვებლების შესახებ, რომლებმაც არც კი იციან, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მუშაობენ ან მათი როლი რა არის. ეს შეშფოთებას იწვევს და შესაძლოა, უკავშირდებოდეს მომზადების ნაკლებობასაც. მონიტორინგს გავაგრძელებთ დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოვუწოდებთ ადამიანებს, გაიკეთონ პირბადე და მოვიდნენ არჩევნებზე", - ამბობს დეგნანი.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.