სენაკის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ სენაკში 43 უბნიდან 21 უბანი დათვლილია და ამ მონაცემებით, ქალაქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. კობა ნაყოფიას თქმით, ის მცირე უპირატესობით ლიდერობს.
არანაირ პირველ ტურში აქ ქართული ოცნება არ იმარჯვებს, ეს უკვე ცხადია. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ უკვე 43-დან 21 უბნის მონაცემები გვაქვს, ჯერჯერობით, ამ 21 უბანში მე გამაჩნია, მცირე, მაგრამ უპირატესობა. ეს უპირატესობა მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ არანაირი პირველი ტურით აქ ვერავინ იმარჯვებს აუცილებლად შედგება მეორე ტური, სადაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს ოპოზიციის კანდიდატი, - თქვა კობა ნაყოფიამ.
რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, მმართველი პარტია 43%-ს ვერ იღებს. მისი თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა კანდიდატებისგან აქვს.
გარდა სენაკისა, მე გახლავართ ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი და მაქვს ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან და ა.შ. ვეკომუნიცირები ჩემს კოლეგებს, მერობის კანდიდატებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასე რომ, მემგონი ცოტა უნდა დაველოდოთ და მალე გავიგებთ, რომ აბსოლუტურად სხვა შედეგი დადგა, ვიდრე ამას ოცნება აცხადებს, - თქვა კობა ნაყოფიამ.