ქარელსა და ხაშურში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები აცხადებენ, რომ რეფერენდუმი შედგა, მათი თქმით, "ქართული ოცნება" ვერც ერთ ამ ქალაქში 43%-ს ვერ აღწევს.
ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ქარელში ენმ-ს კანდიდატმა, ნიკოლოზ ახალკაცმა - 33.59% აიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზაზა გულიაშვილმა კი 45.77%.
რაც შეეხება ხაშურს - ენმ-ს კანდიდატმა იოსებ ბუაძემ 35.53% აიღო, ხელისუფლების კანდიდატმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა კი 44.29%.
"ცხრა წელი ომში ვიყავით და ომში ვართ, გუშინ იყო ამ ომის პიკი. იყო მოქრთამვა, ფულის დარიგება, ყველა უბანზე იყო მანქანები გაჩერებული თავიანთი სიებით", - თქვა ნიკოლოზ ახალკაცმა.
მისი განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები ჰქონდათ, რომ ვინც მეორე ტურში გავა, ერთმანეთს მხარს დაუჭერენ.
"იყო ზეწოლა ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, იყო ტოტალური მოსყიდვების ფაქტებიც, მაგრამ ხალხი ბრძენია და აირჩია დემოკრატია, ხაშურში რეფერენდუმი შედგა", - თქვა იოსებ ბუაძემ.
რაც შეეხება გორსა და კასპს, მმართველ გუნდს ამ ქალაქებშიც "კაი ბიჭები" და "აგიტატორები" ჰყავდა მობილიზებული, იყო დარღვევები, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პოლიცია არ რეაგირებდა. წინასწარი მონაცემებით, აქ "ქართული ოცნება" იმარჯვებს.