კალანდარიშვილმა ჟვანიაზე უარესი არჩევნები ჩაატარა, მაგრამ რაც უნდა დაწეროს მან, რუსთავში ჩვენ გავიმარჯვეთ - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.
მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, როგორც ცდილობენ "ოცნების" წევრები არჩევნების შედეგების შეცვლას უბანზე დებოშით და სხვა მანიპულაციით და ეს კადრები გასაჯაროვდება.
"რუსთავში "ქართულმა ოცნებამ" კატასტროფული მარცხი განიცადა. და ახლა რაც არ უნდა დაწეროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მან ჩაატარა ჟვანიაზე უარესები არჩევნები და ჟვანიაზე უარესია ეგ. ჟვანიამ არჩევნების ჩატარებიდან 4 საათის შემდეგ გარისკა და რაღაც შედეგები მაინც ატვირთა და ახლა 12 საათი ითვლიდნენ უბანი რომ დაიხურა და იცით რატომ? ამ უბანზე ვიგებდი, მერე ატეხეს დებოში, ამ კადრებს დავდებ ვინ იყო "ოცნების" წარმომადგენელი, მერე თავიდან გადათვალეს და ასე, რომ რამენაირად მოეხერხებინათ წინ წასვლა, ჩვენ ამის დოკუმენტური მტკიცებულებები გვაქვს. რუსთავში ჩვენ გავიმარჯვეთ და მადლობა თითოეულ რუსთაველს",- თქვა დავით კირკიტაძემ "დღის სტუმარში"
ცნობისთვის, რუსთავში დიდი ალბათობით მეორე ტური ჩატარდება. ამ დროის მონაცემებით, ცესკოს ბაზაში ენმ-ის წევრს დავით კირკიტაძეს 43,91% ხოლო "ოცნების" კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს, 44,67% აქვს.