2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი ჩატარებულ არჩევნებს კარგად აფასებს თუმცა აღნიშნავს, რომ ის პოლარიზაციით ხასიათდებოდა.
განცხადებაში ასევე საუბარია, არჩევნების პროცესში მნიშვნელოვან ხარვეზებზე, მათ შორისაა, დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტები.
გარდა ამისა, განცხადებაში საუბარი შეეხო, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსს, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს.
ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებულმა ცვლილებებმა სამართლებრივი ბაზა არსებითად გააუმჯობესა. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ოდირის ყველა გაუთვალისწინებელი რეკომენდაციის ინკლუზიურად გათვალისწინება, მათ შორის, მათი, რომელიც შეეხება ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავის გადაწყვეტის ზოგიერთ ასპექტს და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის შემდგომ ზომებს.
სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა აუცილებელია ასევე საარჩევნო საჩივრების განხილვის მიმართ ნდობის გასაზრდელად. მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე - ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება, - ნათქვამია განცხადებაში.
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.
ზემოხსენებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა ნორმად არ უნდა იქცეს. ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით. ევროკავშირი კვლავ თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას. ჩვენი ურთიერთობა კვლავაც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ სტანდარტებს - ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს, - წერია განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. ამ მონაცემებით, 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თვითმმართველ ქალაქებში, მერის ასარჩევად საჭირო გახდა მეორე ტური.
რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის მმართველი გუნდი 46.3%-ით პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე, 30.7%-ით "ნაციონალური მოძრაობაა", ხოლო მესამე ადგილს, 7.8%-ით, გახარიას პარტია იკავებს. საქართველოს მასშტაბით ერთი უბნის მონაცემები დარჩა დასათვლელი.