
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა "მთავარ არხთან" მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასა და დაკავების საკითხზე ისაუბრა.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების ნაწილში, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
"მადლობა თქვენი შეკითხვისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების ნაწილში, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად." - თქვა მან "მთავარ არხთან".
ცნობისთვის მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა ის დააკავეს. საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავად მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. 1-ლ ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში კი საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ მას უკრაინა არ დაუტოვებია.