საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ.
როგორც საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა თქვა, წოწორიებს დანაშაულის დაფარვასთან ერთად, შესაძლოა, ბრალდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანისთვისაც წარუდგინონ.
"საქართველოს უზენაეს სასამართლოს და შესაბამის გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული, რომ დანაშაულის დაფარვა არის, როგორც დამნაშავის დაფარვა, ასევე დანაშაულის კვალის, საგნის და ა.შ. დაფარვა. პირი, 3 ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებითაა მსჯავრდებული და რა თქმა უნდა, ის დამნაშავეა.
მოგეხსენებათ, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით, მას დაემატა კვალიფიკაცია - მიგრანტის უკანონო შემოყვანა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ორივე მუხლით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. როცა მტკიცებულებების შეკრება მოხდება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით", - თქვა გოზალიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი, ზურაბ და შალვა წოწორიები, ფოთის პორტის თანამშრომლები არიან.
მათ ბრალდება გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს. წოწორიებს პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ედავება და ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილი ავტომობილით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ზურაბ და შალვა წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.