"იცოდნენ, რომ იძებნებოდა, მაგრამ სამეგრელოში ჩაიყვანეს" - პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ 2 პირს ბრალდება წარუდგინა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულ ორ პირს - შალვა და ზურაბ წოწორიებს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იძებნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის ავტომობილით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს  თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა ცომაიას პროცესიც გაიმართა, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს. ცომაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, მრავალწლიანი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში, მიუხედავად მისი დაპატიმრების მუქარისა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პოლიციამ 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი