საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმებზე ბრალდებულ მამა-შვილს, ზურაბ და შალვა წოწორიებს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ დაცვის მხარემ ვერ მოახერხა, მოსამართლის დარწმუნება, რომ დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა. ადვოკატები ბრალდებულებისთვის ხუთ-ხუთი ათას ლარიან გირაოს სთავაზობდნენ.
"მოსამართლე გიორგი გელაშვილი არის ჩვეულ ფორმაში, პირწმინდად ასრულებს პოლიტიკურ დავალებებს. ვულოცავ მას ამ გადაწყვეტილების მიღებას და ვულოცავ იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს. დღეს საქართველოს ჰყავს კიდევ 2 პოლიტპატიმარი. საქმეში შემოსვლაში დახმარება კი არა, ზოგადად საერთოდ მტკიცებულება არ მოიპოვება იმაში, რასაც ედავებიან", - ამბობს ადვოკატი გიორგი გოგინავა.
თუმცა, დანაშაულის დაფარვა, სავარაუდოდ არ იქნება ერთადერთი მუხლი, რომლითაც მამა-შვილს საბოლოოდ ციხეში გაუშვებენ. საქმის პროკურორმა დღეს დაანონსა, რომ დაკავებულებს მალე შესაძლოა, ბრალი დაუმძიმონ. საუბარია მიგრანტის უკანონოდ შემოყვანის საქმეზე, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
"საქართველოს უზენაეს სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაში ნათლად აქვს მითითებული, რომ დანაშაულის დაფარვა არის, როგორც დამნაშავის დაფარვა, ასევე დანაშაულის კვალის, საგნის და ა.შ. დაფარვა.
მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით, მას დაემატა კვალიფიკაცია - მიგრანტის უკანონო შემოყვანა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ორივე მუხლით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. როცა მტკიცებულებების შეკრება მოხდება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით", - ამბობს ელიზბარ გოზალიშვილი.
ცნობისთვის, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს. თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს იქნება ფორმალური, რადგან არ აქვთ მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის.
იხილეთ ასევე: