ხმაური და დაპირისპირება სამტრედიაში - საოლქო საარჩევნო კომისიასთან, იქ სადაც ოპოზიცია დილიდან აქციას მართავდა, ქართულმა ოცნებამ საკუთარი აქტივისტები მიაგზავნა.
რამდენიმე მეტრის მოშორებით ვითარებას სავარაუდოდ პირადად აკვირდებოდა და აკონტროლებდა გაჩერებული ავტომობილიდან თბილისის მერის, კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე.
მას სავარაუდოდ აინტერესებდა, როგორ შეასრულებდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დავალებას, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ, ისინი ოპოზიციის აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უნდა გასწორებოდნენ.
სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებმა აქციაზე მისულ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სამტრედიის საოლქოსთან არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ოცნებამ" არჩევნების გაყალბების 2 გზა შეიმუშავა: არჩევნებამდე ამომრჩევლების მოსყიდვითა და 2 ოქტომბერს მათზე ზეწოლით.
ცნობისთვის, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, თუმცა მათ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. ამ დროისთვის სამტრედიის ცენტრში სიმშვიდეა.
.