"შეშფოთება დავუდასტურე" | ზალკალიანი "მთავარ არხთან" ადასტურებს, რომ დიპლომატების მოსმენა უკანონობაა

გამოქვეყნდა:

სუს-ის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით, დიპლომატებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას, დავით ზალკალიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით დიპლომატებს მანაც შეშფოთება დაუდასტურა. მისი განმარტებით, ჩანაწერებში ბევრი ტყუილ-მართალია ნათქვამი:

"იყო საუბარი იმაზე რა ფაილებიც გავრცელდა. როგორც მე ვიცი, ეს არ არის აუდიო ჩანაწერები, ჩანაწერია კრებსით მონაცემებზე, ასევე შეშფოთება დავუდასტურე, რადგანაც იქ ბევრი ტყუილ-მართალია ნათქვამი. მაჩვენეს, რომ ჩვენი სამინისტროც არის მოხსენებული. მე გადავამოწმე ეს ინფორმაცია, იმ პირთან, რომელიც ამ ე.წ. ჩანაწერებთან არის მოხსენებული და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ტყუილია და არ შეესაბამება სიმართლეს, იქ რაზეც საუბარია ჩვენთან მიმართებაში",-თქვა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, მან დიპლომატებს მზაობა დაუდასტურა, რომ ფაილებთან დაკავშირებით გამოძიებაში უცხოელი ექპერტებიც ჩაერთონ. მისივე თქმით, ელჩების ტონი არა კატეგორიული, არამედ დიპლომატიური იყო.

"მე მათ ასევე დავუდასტურე, რომ არის მზაობა, რაც აისახა პროკურატურის განცხადებაში, რომ მივიღოთ საერთაშორისო ექსპერტების დახმარება, ეს იქნება საგამოძიებო თუ სხვა პირები, ჩაერთონ საგამოძიებო პროცესში, რადგანაც მათ აქვთ ამის გამოცდილება.

აქ საუბარი არ არის ლეგალურ მოსმენებზე, თუკი მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა, აუცილებლად ყველას კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ასევე ის გარემო, რა გარემოშიც მოხდა მისი გავრცელება, საარჩევნო გარემოში და როგორ დააზიანა მთლიანად ამ პროცესმა საარჩევნო გარემო.

ისინი დიპლომატები არიან და იმ ტონით, რაზეც თქვენ საუბრობთ, ამ ტონით საუბარი ნამდვილად არ ყოფილა და არც საკუთარ თავს აკადრებდნენ იმას და არც ჩვენ გვაკადრებენ ",-თქვა დავით ზალკალიანმა.

სუს-ის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიპლომატებს 4 ოქტომბერს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ელჩებმა განცხადება გაავრცელეს, რომელში ნათქვამი იყო, რომ დიპლომატებმა 
უშიშროების სამსახურის მხრიდან სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის კონვენციასა და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი