შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თიანეთში შვილის მკვლელობის გამო მამა დააკავეს. 1940 წელს დაბადებულ დ.ფ-ს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა ედება.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს - 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.