მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება.
მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ უკანონო პატიმარზე მანიპულირებას, ჯობს საპატრიარქომ ქართული ოცნებისგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს.
ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
"რაც შეეხება საპატრიარქოს მოწოდებას, შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, იგი მოგეხსენებათ, რომ უარს ამბობს ამაზე. შეიძლება ძალიან გულის ამაჩუყებელია ეს მიმართვა, რომ სიცოცხლეს გაუფრთხილდი და შეწყვიტეთ შიმშილობა, მაგრამ მგონია, რომ ადამიანზე, რომელიც შიმშილობს, რომელიც არის უკანონო პატიმარი, ამ ადამიანზე მანიპულირებს, ჯობია საქართველოს ეკლესიამ ქართულ ოცნებას მოსთხოვოს, პოლიტიკური პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლება, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ეკლესიის განვითარებაში...
სამაგიეროდ, იმ წამსვე შეუტანეს სეფისკვერები, ადამიანის წამებაა, როცა ის შიმშილობს და პურს უდგამ წინ, ეს სრული კაატასტროფაა, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, - თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობითვის, დღეს, 7 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა მოინახულა. მოგვიანებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ დეკანოზმა მიხეილ სააკაშვილს უწმინდესის დალოცვა და მოკითხვა გადასცა და პატრიარქის სახელით სთხოვა, შიმშილობა შეწყვიტოს.
უკვე მე-7 დღეა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობს. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც 1 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდა. ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია Facebook-ზე თავად გაავრცელა.