კონსტრუქტორები და გეოლოგები ირგვლივ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან - რიჟვაძე

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, 26 მაისის ქუჩაზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ მიმდებარე კორპუსებს გეოლოგები და კონსტრუქტორები შეამოწმებენ. 

ჟურნალისტის კითხვის - დაიწყებს თუ არა ბათუმის მერია ტრაგედიის შემდეგ იმ კორპუსების შემოწმებას, სადაც მსგავსი მშენებლობები მიმდინარეობს, პასუხად რიჟვაძემ მხოლოდ ჩამონგრეულ კორპუსზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. 

"ვეძებთ 3 ადამიანს, რომლებიც ნანგრევებშია მოყოლილი და მაშველები გააგრძელებენ მუშაობას. როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებულია კონსტრუქტორები და გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება",- თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, შს მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა.

უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ერთ-ერთი მათგანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი, საიდანაც ორი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი