ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიებს გარკვეული უბნების გადათვლის ინიციატივით მიმართავს.
ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის საერთო ჯამში 554 საარჩევნო უბნის შედეგი გადაითვალა.
"როგორც ჩემს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციიდან იკვეთება, ქვეყნის მასშტაბით პირველად გადაითვალა უპრეცედენტო რაოდენობის საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები. მაგრამ, რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია და მათ შორის მე, როგორც მთავარი საარჩევნო ადმინისტრატორი მოწადინებული ვარ, რომ საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგების მიმართ არ დარჩეს არავითარი კითხვის ნიშანიც კი, პროცესი იყოს გამჭვირვალე და სანდო, ასევე, ვითვალისწინებ რა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით, საკუთარი ინიციატივით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაითვალონ იმ საარჩევნო უბნების შედეგები სადაც:
წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე, არჩევნების შემდგომ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით;
ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით;
დღეის მდგომარეობით შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებს, 5-ით აღემატება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას. ასეთი ოქმების რაოდენობა ამ ეტაპისთვის შეადგენს 8-ს.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ დამუშავდა ინფორმაცია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით და საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეწოდებათ იმ საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ხსენებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, შესაძლოა გადათვლილ იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.
მინდა გთხოვოთ, რომ დღევანდელი დღე, გამოვიყენოთ ამ შესაძლებლობისთვის და საკუთარი ინიციატივით გადათვალოთ კენჭისყრის შედეგები, ისე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, კანონით დადგენილ ვადაში შეძლოს არჩევნების შედეგების შეჯამება.
დეტალური ინფორმაცია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკის შესახებ განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს ამ მონაცემებს",-თქვა კალანდარიშვილმა.