წყნეთში, აკაკი წერეთლის 41-ში, მიტოვებულ 2 სართულიან სახლში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული 2 მამაკაცი იმალებოდა. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, დასამალად სახლში ისე შეაპარეს რომ მეპატრონემ არაფერი იცოდა, თუმცა აქ ერთი საეჭვო გარემოება იკვეთება. სახლი იმ ქუჩაზე დგას სადაც კვარაცხელიას მკვლელობის სავარაუდო დამკვეთები, ძმები კაკულიები ცხოვრობენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით კი სახლის მეპატრონე მიხეილ ყრუაშვილი სწორედ მათი ოჯახის ახლობელია.
ამავე ქუჩის 13 ნომერში კი კაკულიები ცხოვრობენ, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ მათ სახლთან მუდმივად პოლიცია მორიგეობს
სახლი კი რომელიც კაკულიების დედას, ეკა გოგლიძეს ეკუთვნის ბინების ყიდვა -გაყიდვის საიტზე 25 სექტემბრის შემდეგ გასაყიდად გაიტანეს, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობიდან 10 დღის შემდეგ. აგარაკი ნახევარ მილიონ დოლარად იყიდება
ვერსია, რომ მკვლელობა ძმებმა კაკულიებმა დაუკვეთეს, პირველივე წუთებიდან გაჩნდა. მათი მამა, კანონიერი ქურდი დათო კაკულია წლების წინ მოსკოვში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დამკვეთი ასევე ქართველი კანონიერი ქურდი გია კვარაცხელია იყო.
ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, თუმცა შურისძიებას მაინც ერთ-ერთ მთავარ ვერსიად განიხილავდნენ. მთავარი არხის ინფორმაციით, ამას ემატებოდა კიდევ ერთი ინფორმაცია. გიორგი კავილაძე მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ერევანში იმყოფებოდა, იქ, სადაც კაკულიები თავს აფარებდნენ, ერევნიდან დაბრუნებული კი ამბობდა, რომ მალე დიდ ფულს იშოვიდა.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს პოლიცია 20 დღეზე მეტი ეძებდა, გამოძიების ინფორმაციით, მათ პირველივე წუთებში თავი ვაგზლის ბაზრობაზე, გიორგი კავილაძის მამის მაღაზიას შეაფარეს, სისხლისანი ტანსაცმელი გამოიცვალეს და მშვიდად მიიმალნენ.
აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის საიდუმლო ადგილსამყოფელი მუდმივად იცვლებოდა. შაბათის მთავარს წყარო შსს-დან უყვება რომ ერთი ლოკაცია ბრალდებულების დასამალად ძმებ გაჩეჩილაძეების სახლი იყო. ლევან გაჩეჩილაძის შვილი ბრალდებულების ახლო მეგობარია. რატი გაჩეჩლაძე ნიკა კვარაცხელიასთანაც მეგობრობდა.
ჭავჭავაძის 50ა-ში მთავარის გადამღებ ჯგუფს კარი არ გაუღეს, მიუხედავად იმისა რომ სახლში გაჩეჩილაძეები ნამდვილად იმყოფებოდნენ, მეზობლების განცხადებით კი საგამოძიებო მოქმედებებისთვის ადგილზე სამართალდამცავები არც კი მისულან.
გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში სადაც აკო ჭელიძის მშობლები ცხოვრობენ, მეზობლებს კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ ამ თემაზე საუბარი აკრძალული აქვთ, თავად ოჯახის წევრები კი მთავარ არხს სახლში არ დახვდნენ. ბრალდებულების ახლობლები არ ამბობენ სად იმალებოდნენ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ 2 მამაკაცი.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობიდან თითქმის 1 თვე გავიდა, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები კი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ, ჭელიძისა და კავილაძის უფლებადამცველები ამბობენ რომ საქმეში უზუსტობებია, ისინი საქმის კვალიფიკაციას ითხოვენ და ამბობენ რომ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის მუხლი უნდა შეიცვალოს.
ბრალდებულების დაკავებიდან დღეს პირველი სასამართლო სხდომა ჩატარდა, პირველი ინსტანციის მართლმსაჯულებამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ძალაში დატოვა და აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისთვის 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.