
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ 3 პირს ოფიციალურად ბრალს დღეს წარუდგენენ. ამის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს უკვე ბათუმის საქალაქო სასამართლო. აზერბაიჯანის მოქალაქე ზაურ ბუდაგოვს, რომელიც ჩამონგრეული სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონეა და ასევე 2 პირს რომელიც ამავე ბინაში სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ, გამოძიება სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
კორპუსის ჩამონგრევის ერთ- ერთ ვერსიად სწორედ 1 სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები სახელდება, რა დროსაც წინასწარი ინფორმაციით ბინაში საყრდენი კედლები იყო მოხსნილი.
ადგილობრივების თქმით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებები ჩააყენეს საქმის კურსში თუმცა მათ მიმართვას სათანადო რეაგირება არ მოჰყვა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დიდი ნაწილი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოიყვანეს, ერთი ადამიანი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: