ვინ არის პირი, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა | "მთავარმა" დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

პირი, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა აზერბაიჯანის მოქალაქე, ზაურ ბუდაგოვია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ის რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და ერთ-ერთ კაზინოში, მენეჯერად მუშაობს. 

ბუდაგოვი პოლიციამ დღეს დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია ორი მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.

შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებულმა, რომელიც კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელია, ორი მუშა დაიქირავა. მათივე ცნობით, ბუდაგოვის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

დაკავებულის ადვოკატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბუდაგოვმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სხვა დეტალებზე კი არ საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ბინისა და სარდაფის გაერთიანების მოთხოვნით, ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვმა 4 ოქტომბერს მიმართა საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის, თუმცა რეესტრმა საბუთები დოკუმენტაციის არარსებობის გამო, მხოლოდ 8 ოქტომბერს, მას შემდეგ დაახარვეზა, რაც კორპუსის ერთი ნაწილი უკვე ჩამოინგრა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა. უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველებმა ორი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყავნეს. ერთ-ერთი მათგანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა

ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი, საიდანაც ორი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

შს მინისტრის, ხატანგ გომელაურის თქმით, ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი