უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ გაყალბებული არჩევნების საკითხს, რომ ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე - რანაირად შეიძლება ხელისუფლებას ქვეყნის მასშტაბით, თითქმის, 47%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს, როდესაც მოსახლეობის პოლიტიკური პრეფერენციების მთავარ მაჩვენებელ წერტილებში - დედაქალაქში, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და კიდევ ბევრ რეგიონში არათუ პირველი ტურით გამარჯვება ვერ შეძლო, არამედ ზოგ ადგილას საერთოდ მეორე ადგილზე გავიდა?
რა მექანიზმებით მოახერხა "ოცნებამ" ამ მაჩვენებლის დაწერა?
ამას უკვე გიორგი გვიშიანის სიუჟეტიდან გაიგებთ - მარტივად რომ ვთქვათ, დიდ ქალაქებში დაკარგულ ხმებს, სადაც ამომრჩევლის ნებით მანიპულაცია უფრო რთულია, ხელისუფლება სოფლების და, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონების ხარჯზე ახერხებს, სადაც მოსახლეობაზე ზეწოლაც და გაყალბებაც უფრო მარტივია.
ქალაქში აქვს ხელისუფლებას დაბალი მაჩვენებელი? სამაგიეროდ, იმავე ქალაქის მიმდებარე სოფლებში აქვს თურმე იმხელა მხარდაჭერა, რომ საშუალო არითმეტიკული 47% გამოდის.
სწორედ რეგიონებში გვაჩვენა ცესკომ რამდენიმე ისეთი შედეგი, როდესაც ხმების 100-ვე პროცენტი მთლიანად ოცნების კანდიდატს აქვს მიღებული - ნინოწმინდაში, მაგალითად, ეს იმიტომ მოხდა, რომ ოპოზიციას მაჟორიტარობის კანდიდატი საერთოდ არ ჰყავდა... რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებს, უბრალოდ, ეშინიათ საკუთარი კანდიდატურის დაყენებისაც კი.
იხილეთ ასევე: