სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შვილები მივიდნენ. მათ დღეს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა მამას შეხვდნენ. ამ დროისათვის მესამე პრეზიდენტთან მისი ადვოკატები ნიკა გვარამია, ბექა ბასილაია და გიორგი გელხაური იმყოფებიან.
ისინი მე-12 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ და რა მდგომარებაშია მესამე პრეზიდენტი, მას შემდეგ გახდება ცნობილიო, რაც ციხიდან გამოვლენ.
ბექა ბასილაიას თქმით, პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა.
„დღეს შიმშილობის მეათე დღე დადგა, რაც გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის დამძიმებას, ეს არის ბუნებრივი.
გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა, როგორი აქვს წნევა, სატურაცია და ა.შ. მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს და თავის დამშვიდება, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ჩვენ არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე იყო, ამაზე ღიად ვსაუბრობდით. ის, რომ თაფლი შეიძინა და საკვებს იღებსო, არის ტყუილი. როდესაც ადამიანი იღებს გარკვეულ ნატურალურ წვენს ესეც შიმშილობაა“, - ამბობს ბასილაია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 10 დღიანი შიმშილობის შემდეგ, გუშინ დამძიმდა. განცხადება ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გააკეთა.