ბრიტანელი მუსიკოსი თომას კენედი, 28 წლის ახალგაზრდა ხელოვანი, რომელიც ერთ-ერთ მუსიკალურ კოლეჯში სწავლობდა, საქართველოში 30 აგვისტოს ტურისტად ჩამოვიდა.

7 ოქტომბერს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, 28 წლის მამაკაცი გვირაბში ცოცხალი მუსიკის მოსასმენად გაჩერდა. ადგილობრივებმა სასმელზე დაპატიჟეს და მასაც უარი არ უთქვამს. თავადაც მუსიკოსმა მოგვიანებით, რამდენიმე პირთან ერთად, კაფეში გადაინაცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ კი მას სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს.

მკვლელობის საქმეზე 5 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია დაკავებული. 4 ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას, ერთს კი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. 

ბრალდებულებმა ბრიტანელი ტურისტი გაძარცვეს. გორის ერთ-ერთი ლომბარდიდან პოლიციამ დღეს ის მობილური ამოიღო, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოკლულ ტურისტს ეკუთვნოდა. "მთავარმა" გაარკვია, რომ ნივთი ბრალდებულებმა, დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დაალომბარდეს. 

მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს შორის არის მუსიკოსი ვასილ ოქროპირიძე, რომელსაც გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ოჯახი კი ამტკიცებს, რომ 23 წლის ბიჭს, მიწისქვეშა გადასასვლელი არ დაუტოვებია და მკვლელობის შესახებაც არაფერი იცოდა. 

ოფიციალური ვერსიითთ, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბრიტანელი ტურისტი ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, მტკვარში გადააგდეს და ადგილიდან მიიმალნენ.

საბოლოოდ ცხედარი მდინარე მტკვარმა 8 ოქტომბერს სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა, თუმცა საქმის ფიგურანტები ამ დრომდე მაინც დუმილის უფლებას იყენებენ. 

ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აღკვეთ ღონისძიებაზე კი სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი