ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საპატიმროში მას შემდეგ შევა, რაც ისინი მესამე პრეზიდენტისგან დასტურს მიიღებენ.
ტიკარაძის თქმით, ექსპერტთა ჯგუფი იუსტიციის მინისტრის მომართვის საფუძველზე შეიქმნა, დღეს კი სხვადასხვა მიმართულების ექიმები მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს შეხვდნენ.
"ამ ეტაპისთვის პირველ რიგში, ველოდებით პაციენტის თანხმობას, რომ შესაძლებელია მან გაუზიაროს ექსპერტებს ის ჯანმრთელობის მონაცემები, რომელიც მის პირად ექიმს გააჩნია და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ დასტურს მივიღებთ, უკვე ჩაერთვებიან ექსპერტები სამუშაო რეჟიმში",-თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მესამე პრეზიდენტი უკვე მე-13 დღეა საპატიმროში შიმშილობს.
ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ, შეხვედრა უკვე იუსტიციის სამინისტროში შედგა. როგორც მინისტრმა ბრეგაძემ განმარტა, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ გაავრცელა, რაც "ოპონენტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ექსპრზიდენტის სიცოცხლეს ვუქმნიდით საფრთხეს და იძულებით ვამყოფებდით ამ მდგომარეობაში" - განმარტავს ბრეგაძე