"გადაწყვიტა, ხმებისთვის გახარიას ევედროს" | ოპოზიციის შეფასებები კახა კალაძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

გზა "კოკაინშიკობიდან" საიმედო პარტნიორობამდე - მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შემდეგ,  ყოფილი თანაგუნდელის ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს. 

კახა კალაძის თქმით, რომ არა გახარიას კანდიდატურა, ის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა. თბილისის მოქმედი მერი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერის ამომრჩეველი მეორე ტურში მის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. 

ოპოზიციაში ამ აქტს "კლასიკური ფარისევლობის მაგალითად" აფასებენ. 

"კლასიკური მაგალითია როგორი ყალბი და ფარისეველია ქართული ოცნება და მათ შორის კახა კალაძე. ტყუილების გროვა. როდესაც ხმები დასჭირდათ, გახარია გახდა ობიექტი, რომ ხმები სთხოვონ. აბრალდებდნენ ნარკომანობას, გამოაკრეს ბანერებზე, რა სიბინძურე არ მოიფიქრეს, რომ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე აერიდებინათ და ახლა კალაძემ გადაწყვიტა, რომ ევედროს ხმებისთვის გახარიას", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე. 

ფოთის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, გიგი უგულავა კი აღნიშნავს, რომ კალაძეს ამ გზით ამომრჩევლის მობილიზების იმედი ტყუილად აქვს. 

"ზოგადად განათლება და ამ შემთხვევაში სოციოლოგია უდაოდ არ არის ბატონი კალაძის საუკეთესო მხარე. გახარიას ამომრჩეველმა უარი უთხრა "ქართულ ოცნებას", შესაბამისად ის ოპოზიციურად არის განწყობილი და ან მისცემს ოპოზიციის კანდიდატს ან დარჩება სახლში. ტყუილად ჰგონია, რომ თბილისმა მას უარი უთხრა იმიტომ, რომ გახარია იყო შუაში ჩაჩხერილი", - ამბობს გიგი უგულავა. 

რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიციას, პარტიის წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ " გახარია ჯერ კიდევ 2 კვირის წინ სისხლიან ბანერებზე იყო გამოკრული, ახლა ეს ხალხი მივიდეს და კვლავ "ოცნება" აირჩიოს მგონი, არალოგიკური იქნება."

შეგახსენებთ, გუშინ კახა კალაძემ არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და გამოთქვა სურვილი და ვარაუდი, რომ გიორგი გახარიას ამომრჩეველი მეორე ტურში მხარს მას დაუჭერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი