სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი გოგოს გატაცებაშია ბრალდებული. დანაშაული შიდა ქართლში მოხდა. მსხვერპლი 25 წლამდე ქალია. გამტაცებელი კი 28 წლის ბესიკ წკრიალაშვილი.

მას თანამზრახველიც ჰყავდა, სოსო მარანელი, რომელიც გორის სპორტის სააგენტოს თანამშრომელია. სამართალდამცველებმა საჯარო მოხელე უკვე დააკავეს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ბესიკ წკრიალაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკვე გადაკვეთა და ქვეყანა დატოვა. დაზარალებული "მთავარ არხს" უყვება, რომ წკრიალაშვილმა და მარანელმა მანქანაში იძულებით ჩასვეს, გზაში კი ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ.

"წკრიალაშვილმა და მარანელმა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩემი თავისუფლება აღკვეთეს, გამიტაცეს. მოტივი ის იყო, რომ მისი მეუღლე გავმხდარიყავი. ჩემზე ახორციელებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. აბსოლუტურად არაადეკვატური იყო, შემეხო ხელით. დაზიანებები მქონდა ხელის არეში, ფეხებზე, სახეზე, გამარტყა ორჯერ. მეუბნებოდა რატომ მქონდა აგრესია. არ უნდა ვყოფილიყავი აგრესიული, მის მოთხოვნებს უნდა დავმორჩილებულიყავი და გავმხდარიყავი მისი ცოლი. 

მითხრა, რომ რადგან მისი მოთხოვნა არ შევასრულე და უარი ვთქვი, შურს იძიებდა. "ცხოვრებას დაგინგრევ"- მისი სიტყვებია. მემუქრებოდა, რომ ჩემს ძმას სიცოცხლეს მოუსპობდნენ. 

ბესო წკრიალაშვილი არსად არ მუშაობს, ყოფილი სუს-ის თანამშრომელია. სოსო მარანელი მოჭიდავეა და აიპშია დასაქმებული",- ყვება დაზარალებული. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულზე ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს საზღვრის დატოვების შესაძლებლობა მისცა.

"საქმე გვაქვს ადამიანის თავისუფლების აღკვეთასთან, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აუცილებელია გენდერული ნიშნის გამოკვეთაც, რამდენადაც ცოლად შერთვის მიზნით მოხდა თავისუფლების აღკვეთა. თუმცა სამწუხაროა, რომ პროკურატურა არ ახორციელებს ამ დამამძიმებელი გარემოების მითითებას. გარდა ამისა სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები იკვეთება საქმის მასალებში - ადევნებისა და ძალადობის.

სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს მიეცა შესაძლებლობა, რომ დაეტოვებინა საქართველოს საზღვარი და მიმალვაში იმყოფება",- ამბობს ადვოკატი. 

გორის სპორტის თანამშრომელს რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა და ის გლდანის ციხეშია გადაყვანილი. რაც შეეხება სუს-ის ყოფილ თანამშრომელს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი