
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით, კახი კალაძეს ნიკა მელიასთან დებატებზე პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე "არ უშვებს". მისი აზრით, პარტიის ლიდერებს ეშინიათ, რომ კალაძე დიდ შეცდომას დაუშვებს.
"ძალიან სამწუხაროა როდესაც ღარიბაშვილი და კობახიძე დებატებზე დასაჯდომად ნებართვას არ გაძლევს. ეშინიათ, რომ დიდი შეცდომა არ დაუშვას კალაძემ დებატების დროს, შესაბამისად, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს. სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ არ გამოუშვეს დებატებზე.
მზად ვიყავით გვესაუბრა იმ პროგრამების შესახებ, ისიც ვიცით, რომ მასაც ჰქონდა კითხვები და ვერ ხვდება რა და როგორ უნდა განხორციელდეს", - თქვა ბაჩო დოლიძემ.
მისი თქმით, კახი კალაძემ დებატებზე უარი არა ნიკა მელიას, არამედ მილიონზე მეტ დაინტერესებულ მოსახლეს უთხრა.
კახი კალაძეს დებატები ნიკა მელიამ 19 ოქტომბერს შესთავაზა და თქვა, რომ მზადაა ნებისმიერ ეთერში რეალურ დებატებში მონაწილეობა მიიღოს. კალაძის თქმით, ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ აქვს.