გურჯაანში, ცოლ - ქმრის მკვლელობის მოტივი შურისძიებაა - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ სოფელ გურჯაანში ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ა.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყება მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 19 ოქტომბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულსა და ერთ-ერთ მოკლულს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მკვლელობა განიზრახა. მან საკუთარი სახლიდან აიღო გლუვლულიანი სანადირო თოფი და გ.ზ.-ს და მის მეუღლეს დამიზნებით ესროლა. მ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა საავადმყოფოში" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი