ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ნარკოლოგიური კლინიკის ეზოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 1988 წელს დაბადებული გ.დ. დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს - 1977 წელს დაბადებულ ე.ჯ. -ს ქალაქ ბათუმში, ჯაყელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

"პოლიციამ ბრალდებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე, ამოღებულია გ.დ.-ის მფლობელობაში არსებული ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი