რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება ექიმების მრავალპროფილურმა ჯგუფმა და მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა უკვე დატოვეს.
მედიასთან კომენტარი ნიკოლოზ ყიფშიძემ გააკეთა და თქვა, რომ ამ ეტაპზე, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის შეიძლება ნებისმიერ წუთას დამძიმდეს.
რაც შეეხება საკითხს, საჭიროების შემთხვევაში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია უცვლელია. როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მკვლელობის ტოლფასია.
ყიფშიძის ინფორმაციით, კონსილიუმმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მაღალპროფილურ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ.
"ამ დროისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელია. გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა, ასე რომ ჯერ პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გადასაყვანია მაღალპროფილურ საავადმყოფოში.
სააკაშვილს, ჩვენ, მე პირადად მაქვს ის პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მკვლელობაა",-თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
უკვე 23-ე დღეა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით, მრავალპროფილური ექიმთა ჯგუფი შეიქმნა, ისინი საპატიმროში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ.
ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.