სოფელ ქვახვრელში, მდინარიდან ცხედრის ამოსვენების შემდეგ, გაირკვა რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი 28 წლის ტომას კენედი იყო. მას ქურთუკის ჯიბეში ერთადერთი მაიდენტიფიცირებელი საბუთი, ბრიტანული მუსიკალური კოლეჯის სტუდბილეთი ჰქონდა. ცხედრის პოვნიდან 3 დღის თავზე პოლიციამ ტურისტის მკვლელობის და ძარცვის ბრალდებით 4 პირი: 20 წლის გიორგი ქარელი, 19 წლის ზურა ფალავანდიშვილი, 28 წლის გიორგი ბალაშვილი და 17 წლის გიორგი ოხანაშვილი დააკავა.
დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი ბრალი ქუჩის მუსიკოსს, 24 წლის ვასილ ოქროპირიძეს წარედგინა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ბრიტანელმა მუსიკოსმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისტორიული ადგილების მონახულება გადაწყვიტა და გორს სტალინის მუზეუმის დასათვალიერებლად ეწვია. მუზეუმში ვიზიტის შემდეგ ახალგაზრდამ ქალაქის ცენტრში გადაინაცვლა სადაც ბრალდებულები გაიცნო და მათთან ერთად ბარში, ლუდის დალევა გადაწყვიტა.
ღია ტიპის ბარში ტურისტმა ახლადგაცნობილებთან ერთად რამდენიმე კათხა ლუდი დალია, თანხაც თავად გადაიხადა და გზა მათთან ერთად, ქალაქის ცენტრში არსებულ იმ მიწისქვეშა გადასასვლელისკენ განაგრძო, სადაც გორელი ქუჩის მუსიკოსი ყოველდღიურად მუშაობდა. იოსებ ოქროპირიძე ჩვენებაში ყვება, რომ ტომასმა მას სიმღერის შემდეგ ფული აჩუქა, მოგვიანებით კი გიტარა გამოართვა და თავადაც იმღერა.
ჩვენს მიერ მოპოვებული საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ამის შემდეგ კენედი, ოქროპირიძე, ბალაშვილი, ოხანაშვილი, ქარელი და ფალავანდიშვილი კინოთეატრ გამარჯვების მიმდებარე ტერიტორიაზეც გაჩერდნენ, სადაც მათ გზად, მარკეტში ნაყიდი ლუდი დალიეს. ტომას კენედმა სწორედ ამ დროს მიიღო შეთავაზება ღამით დარჩენილიყო ქუჩის მუსიკოსის, იოსებ ოქროპირიძის სახლში, რომელიც გორთან ახლოს, სოფელ სკრის დევნილთა დასახლებაშია.
კინოთეატრ გამარჯვების მიმდებარე ტერიტორია საქმის ფიგურანტებმა 22 საათზე დატოვეს. მათ ქალაქის ცენტრალური გამზირის გავლით რკინიგზის სადგურის დასახლებაში გადაინაცვლეს, საიდანაც სოფელ სკრაში გამგზავრებას გეგმავდნენ. სწორედ მაშინ გაუმხილეს ქუჩის მუსიკოსს ვასილ ოქროპირიძეს ტურისტის გაძარცვის გეგმა მეგობრებმა და დანაშაულში თანამონაწილეობაც შესთავაზეს. მასალების მიხედვით, ოქროპირიძემ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვა და საქმის ფიგურანტები მაშინვე დატოვა.
ოქროპირიძის წასვლის შემდეგ ახალგაზრდებმა ტომას კენედის გაძარცვის გეგმა სისრულეში მოიყვანეს. მას ჯერ მოტყუებით ტელეფონი გამოართვეს, მოგვიანებით კი სცემეს. ბრალდებულები ჩვენებებში ყვებიან, რომ ტომასმა გონება დაკარგა, რის შემდეგაც მის საკრედიტო ბარათსაც დაეუფლნენ და კვალის დაფარვის მიზნით, უგონო მდგომარეობაში მდინარეში შეაცურეს. მოპარული საკრედიტო ბარათით კი იმავე ღამეს სხვადასხვა მარკეტებში საკვები, ტკბილეული და სიგარეტი იყიდეს.
დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს ბრალდებულებმა ტურისტისთვისთვის წართმეული "ქსიაუმის" ბრენდის მობილური ტელეფონი 350 ლარად გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, ამ ლომბარდში გაყიდეს. აღებული თანხა კი გაინაწილეს. ლომბარდში "მთავარ არხს" უყვებიან, რომ მათთან ტელეფონი 8 ოქტომბერს გასაყიდად ორმა პირმა მიიტანა.
დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ, საქმეში არსებული ჩვენებები კი სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ზეწოლის შედეგად მოიპოვეს, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა მოკვლევაც დაიწყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საქმეზე დაკავებულებს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რაც შეეხება ქუჩის მუსიკოსს, მეგობრების მიერ ჩამდენი დანაშაულის პოლიციისთვის შეუტყობინებლობა ვასილ ოქროპირიძეს შესაძლოა 7 წლიანი პატიმრობის ფასად დაუჯდეს.
მოკლული ტურისტის ცხედრის სამშობლოში გადასვენების მიზნით კი ათასობით ევრო მოქალაქეებმა დიდ ბრიტანეთში უკვე შეაგროვეს. მუსიკოსი, რომელსაც საქართველოში მოგზაურობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ქვეყანაში აგვისტოს ბოლოს შემოვიდა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.