სუს-ი სისტემატიურად მისმენდა, ჩემი სახელი ​ფაილებშიც იყო გაჟღერებული - 119-ე სკოლიდან გათავისუფლებული დირექტორი

გამოქვეყნდა:

119-ე სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი თეა ბრეგვაძე, რომელსაც თანამდებობა პოლიტიკური შეხედულებების გამო დაატოვებინეს, ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას სისტემატიურად უსმენდა.

როგორც თეა ბრეგვაძემ აღნიშნა, მისი სახელი სუს-ის ფაილებშიც იყო გაჟღერებული. კერძოდ, ბრეგვაძის თქმით, ფაილებში ეწერა, რომ წინამორბედი პაატა რაზმაძე მისი გავლენის ქვეშ იყო.

"ერთი წლის წინ მოხსნეს ამ სკოლის დირექტორი პაატა რაზმაძე და გაიჟღერა სუს-ის ფაილებში, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ ის იყო დირექტორის მოადგილის, თეა ბრეგვაძის გავლენის ქვეშ. ესეც მაინტერესებს - რას ნიშნავს ზეგავლენის ქვეშ ყოფნა და დირექტორის? ალბათ მასაც აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გავეთავისუფლებინე მოადგილეობიდან, ალბათ ის ვერ აკეთებდა ამას, რადგან ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას... რა თქმა უნდა, სისტემატიურად მისმენდა მე სუს-ი", - აღნიშნა თეა ბრეგვაძემ.

ყოფილმა დირექტორმა მისი გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ღია მხარდამჭერია.

"ეს არის ღიად დაფიქსირებული პოლიტიკური შეხედულება, თუმცა მე ეს არასდროს გამომიყენებია ჩემს სამუშაო საათებში, სკოლის შენობაში", - თქვა თეა ბრეგვაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი თამარ თაბიაშვილი და რესურსცენტრის წარმომადგენლები ამ დრომდე არ გამოჩენილან. ისინი სკოლაში 09:30 საათზე უნდა მისულიყვნენ. თეა ბრეგვაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, მათ სკოლასთან არსებული საპროტესტო აქციის შესახებ გაიგეს და ამის გამო, ადგილზე მისვლა გადაიფიქრეს.

შეგახსენებთ, თეა ბრეგვაძე გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი მისი დის შვილის, თენგიზ გიორგაძის "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა და "ქართული ოცნების" გუშინდელ აქციაზე არმისვლა გახდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი