
მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის არშემოშვებას ეხმაურება და ამბობს, რომ მომხდარი საერთაშორისო სკანდალია.
როგორც სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ამით ჟურნალისტის ასეულობით მილიონმა თაყვანისმცემელმა იხილა, რომ საქართველო, რომელსაც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, რუსეთზე უარესი ხდება.
"დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსულ და უკრაინულენოვან სამყაროში. ის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია. მისი მეუღლე ალესია ასევე ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ჩვენი გულშემატკივარია. გორდონის პირადი მტრებია პუტინი და ლუკაშენკო. დღეს კი, მათმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა თაყვანისმცემელმა, სამწუხაროდ, იხილა, რომ საქართველო, ოდესღაც - დემოკრატიის შუქურა რუსეთზე უარესი ხდება. მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლას და მათდამი მოპყრობისთვის, ყველა ნორმალური ქართველის სახელით, ბოდიში მოვუხადო", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დიმიტრი გორდონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გუშინ უკან გააბრუნეს. მასთან ერთად, ქვეყანაში არ შემოუშვეს არც მისი მეუღლე, ასევე მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად და ყაზახი ბიზნესმენი.
მანამდე კი აეროპორტიდან გააბრუნეს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი. პრობლემები შეუქმნეს უკრაინის ომბუდსმენსაც.