
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი კოვიდრეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით, პენიტენციურის განცხადებას გამოეხმაურა და მას სიცრუე უწოდა. ადვოკატის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებას PCR ტესტი არასდროს მოუთხოვია.
როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, ადვოკატები ასრულებდნენ ყველა დაწესებულ პროცედურას და რეგულაციას, მათ შორის, მათ წარადგინეს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ყველა ვიზიტის წინ, ანტიგენ ტესტს მათ თავად ციხის ადმინისტრაცია უკეთებდა.
"სამარცხვინოა პენიტენციური სამსახურის მცდელობა, შეხვედრების ოთახში ბარიერის ამოშენება დააბრალონ კოვიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
საუბარი იყო იმაზე, თითქოს ჩვენ არ წარვადგენდით PCR ტესტის პასუხებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ ვაკმაყოფილებდით აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას, რაც პენიტენციური სამსახურის მხრიდან დაწესებული იყო ჩვენს მიმართ, კერძოდ, მათ გვითხრეს, რომ უნდა წარმოგვედგინა ე.წ. კოვდპასპორტი, ანუ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამის შემდეგ, ყოველი ვიზიტის წინ, ციხის ადმინისტრაცია თავად გვიკეთებდა ე.წ. ანტიგენ ტესტს, მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ჩვენი შესვლა. არასდროს მოუთხოვიათ PCR ტესტს პასუხი, თორემ ბუნებრივია წარვადგენდით ამ პასუხებსაც",-თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 28 ოქტომბერს მორიგი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მას ადვოკატებთან ურთიერთიბა სრულად შეუზღუდეს. როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ოთახში, სადაც ადვოკატებს ხვდება, შუშის კედელი ამოაშენეს, რათა დოკუმენტების გაცვლა ვეღარ შეძლონ.
მომხდარს გამოეხმაურა პენიტენციური დაწესებულება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ და სწორედ ამიტომ გახდა ოთახში შუშის კედლის ამოშენება საჭირო.