ყველაზე მსხვილმა ჰოლანდიურმა კომპანიამ "ვანოორდმა" საუკუნის პროექტის - ანაკლიის პორტის დემონტაჟის სამუშაოები დაიწყო. კომპანია, რომელიც პორტის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები უნდა შეესრულებინა, კუთვნილი ინფრასტრუქტურა გააქვს. დაწყებულია ზღვის სიღრმეში 3500 კილომეტრ სიგრძეზე დაქსაქსული სპეციალური მილების ფსკერიდან ამოღების სამუშაოები.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ ის, რაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მოხდა ქვეყნის იმიჯს აზარალებს. მათვე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პორტის მშენებლობა გაგრძელდება, ახალ კონტრაქტორ კომპანიას თავიდან მოუწევს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის შემოტანა, რაც დამატებითი ხარჯი იქნება:
"ეს ყველაფერი სამწუხაროა. ეს ნიშნავს, რომ ეს მილები და დანადგარები დატოვებული იყო იმიტომ, რომ განხორციელებულიყო მეორე ეტაპი გაღრმავების, უკვე საოპერაციო სიღრმემდე და რადგან ხელშეკრულება შეწყდა და პერსპექტივა ჩვენი კონტრაქტორისთვის სამუშაოების გაგრძელების აღარ არის, მათ გადაწყვიტეს ამ მილების გატანა. რთული განსასაზღვრია ესეთ ვითარებაში ახალი ინვესტორის მოძიება თუნდაც ტენდერის გამოცხადება ასეთ მარტივი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდება მთავრობას ამის გაკეთება" აცხადებს ლევან ახვლედიანი.
"ვანოორდის" მიერ საკუთარი ინფრასტრუქტურის გატანას ოპოზიციაში ეხმაურებიანა და აცხადებენ, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება ივანიშვილის და რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ მოქმედი ხელისუფლების პიროებებში პორტის მშენებლობა განახლდება
"ეს იმის მანიშნებელია, რომ ანაკლიის პორტი არ იქნება. ამით პირველ რიგში დაზიანდა ანაკლია, ქვეყანა და რეგიონი და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ოცნებას. ეს იყო გეოსტრატეგიული პორტი და ეს რა თქმა უნდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს არ აწყობდა და როგორც ხედავთ ყველაფერი ისე მიმდინარეობს როგორც უნდა ჩრდილოელ მეზობელს და ქართული ოცნების ლიდერებს" აცხადებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი ნაციონალურ მოძრაობიდან დავით შელია
პორტის აშენებაში ეჭვი ეპარებათ ადგილობრივებსაც. ანაკლიის მოსახლეობა ამბობს, რომ სტრატეგიული პროექტის მშენებლობა პირადად ივანიშვილმა დაბლოკა. გარდა ამისა, მოსახლეობა სხვა საშიშროებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუ პორტი არ აშენდება ბულვარს დატბორვა ემუქრება. ანაკლიელები ამბობენ, რომ წვიმის დროს მათ სერიოზული პრობლმები ექმნებათ.
ჰოლანდიური კომპანია "ვანოორდი" ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტრაქტორი და 4%-იანი აქციონერია. კომპანიის დანადგარების გატანის გადაწყვეტილება კი იმ კონტრაქტის შეწყვეტას უკავშირდება, რომელიც სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის იყო დადებული. ხელშეკრულების ოფიციალურად გაწყვეტის შემდგ ინვესტორი ვალდებულია სახელმწიფოს დაუბრუნოს ის ტერიტორია რომელიც მას ამ პროექტის ფარგლებში ჰქონდა გადაცემული და რომელიც უნდა გამოეყენებინა.