გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" დღევანდელ შეხვედრაზე სავარაუდო პრემიერ მინისტრის კანდიდატურა არ დასახელებულა. შეხვედრაზე ერთიან სამომავლო სტრატეგიასა და შესაძლო გაფართოებაზე იმსჯელეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და პრემიერის კანდიდატურაც მალე გახდება ცნობილი. მათი თქმით, ამ თანამდებობაზე გიორგი ვაშაძე არ განიხილება.
ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
თაკო ჩარკვიანმა, რომელმაც თავის დროს გამოთქვა ინიციატივა გიორგი ვაშაძის შესაძლო პრემიერ მინისტრობის კანდიდატობის შესახებ, განაცხადა, რომ მთავარი ივანიშვილის დამარცხებაა.
ერთი კვირის წინ, ერთერთ ეთერში აბსოლუტურად უწყინარ საუბარში ჩემი აზრი გამოვთქვი და ახლაც იგივე აზრზე ვარ და შევეცდები მაქსიმალურად დავარწმუნო, რომ პროცესისთვის კარგია ჩემი აზრი, - ამბობს პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.
ოპოზიციის შეხვედრაზე მთავარი საკითხი ოპოზიციის სტრატეგია იყო. შეხვედრის მონაწილეთა თქმით მთავარია მაჟორიტარული კანდიდატების საკითხზე შეჯერება.
ჩვენი წესდების მიხედვით, რომელსაც მოვაწერეთ ხელი ძალა ერთობაშიას ფორმატში, ყველა პარტიის კანდიდატი შეიძლება განხილულ იქნას მაჟორიტარ კანდიდატად, მაგრამ ეს არის დამოკიდებული საერთო სტრატეგიაზე, - განაცხადა პარტია "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატურის განხილვა ჯერ არ ყოფილა, თუმცა გაერთიანება 2020 წლის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით წარსდგება. ასევე უცნობია, ვინ იქნებიან ამ არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები.