ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რუსთავშიც დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. უბნებთან მმართველი გუნდის დამკვირვებლები და აგიტატორები ამომრჩევლის სიებით არიან მობილიზებული.
ქალაქში მასიური ხასიათი აქვს უბნებიდან დამკვირვებლების გამოძევებას და მათზე ზეწოლას. ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს მე-4 საარჩევნო უბანზე, საიდანაც პლატფორმა 20/20-ის დამკვირვებელს აძევებდნენ. დამკვირვებელი უბანზე მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ადგილზე ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები მივიდნენ.
"კომისიის წევრები პირად მონაცემებს უცხო პირებს მობილური ტელეფონით გადასცემენ, ასეთი ფაქტები დავაფიქსირეთ და მყისიერად მოხდა კომისიის მიერ ჩვენი დამკვირვებლების გაძევება. ხდება დამკვირვებლების დაბულინგება ყველა საარჩევნო უბანზე, შეშინება", - თქვა 20/20-ის წარმომადგენელმა.
საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა და ე.წ. კრიმინალური ელემენტები. მათი ნაწილი ირწმუნებოდა, რომ ხმას სწორედ ამ უბანზე აძლევდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ ფეხბურთის სათამაშოდ იკრიბებოდნენ. თუმცა, ზარქუას წასვლის შემდეგ, ამ პირებმა ტერიტორია დატოვეს.
დაპირისპირება იყო კიდევ ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც როგორც მთავარ არხს უთხრეს, ამომრჩევლებისთვის თანხის დარიგება ხდებოდა. ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, "ოცნების" კოორდინატორებმა სიები დამალეს.
საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებელთა მასიური გაძევების შემთხვევების გამო, საოლქო კომისიასთან მივიდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის შტაბის წევრები. მათ კომისიას თავმჯდომარეს მოუწოდეს, კანონი არ დაარღვიონ და დამკვირვებლებს დაბრკოლებები აღარ შეუქმნან.