
თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია მოქალაქეებს აქტიურობისა და საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ყველანაირი მეთოდით ცდილობს, ისინი დღეს მაინც წააგებენ.
"მინდა ყველას თბილისელს მოვუწოდო, არ გაკადრებდით, არ ვიკადრებდი რომ არ მქონდეს კონკრეტული ინფორმაცია. თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლება რომ არ კადრულობდეს მანიპულაციებს, ასეთ ჩაყრებს, არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი რომ აღარ მივიდეს საარჩევნო უბნებზე, ამ არჩევნებს ბატონი კალაძე მაინც წააგებს. მაგრამ, ვინაიდან მიმართავენ ყველა სახის მანიპულაციებს, ვიბრძვით ბოლომდე, თითოეული ხმის დასაცავად. ამისთვის საჭიროა მეტი აქტიურობა, რომ ვერანაირი გავლენა ვერ ჰპოვოს მათმა მანიპულაციებმა შედეგზე. ეს არის ისტორიული დღე. დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას, დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს. პირველად, კოალიციური გუნდი იმარჯვებს. 2 საათი არის საკმარისი დრო, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. ვისაც შეგვიძლია, გავიდეთ საარჩევნო უბნებთან და იქ დავდგეთ. თითოეულ ადამიანს ახლა შეუძლია ფასდაუდებელი როლის შესრულება", - თქვა ნიკა მელიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ვაზისუბნის 71-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, უცნობმა პირმა საარჩევნო ყუთში დაახლოებით 10 ბიულეტენი ჩაყარა.
ცნობისთვის, ხმის მიცემის პროცესი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან მმართველი გუნდის კოორდინატორები, ფიქსირდება ამომრჩევლის მოსყიდვისა და შედეგების სხვა ფორმით გაყალბების მცდელობები. ამასთან, მმართველი გუნდის მხარდამჭერები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან მედიის წარმომადგენლების მიმართ. ისინი ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.