პარტია "ლელოს" ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურში იმარჯვებს.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლება ფიზიკურ ძალადობასაც აღარ ერიდება.
"კოალიციური ოპოზიციური ერთობა იმარჯვებს. ხელისუფლება უკვე ფიზიკურ ძალადობასაც აღარ ერიდება და მისი მოქმედებები ნათლად ადასტურებს, რომ ისინი მარცხდებიან და ამ არჩევნებით დაიწყება დიდი ცვლილებები. მინდა პირველ რიგში ამომრჩევლებს ვუთხრა მადლობა აქტივობისთვის და იმისთვის, რომ თითო აგური ყველამ დადო ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება საარჩევნო უბნებზე პროვოკაციების მოწყობას გეგმავს და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ხმები დაიცვან.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოცნება წავა პროვოკაციებზე და შეეცდება დაატრიალოს კარუსელი, მიიყვანოს მარკირებიანი ადამიანები მეორედ ხმის მისაცემად და შეეცდება არიოს სიტუაცია. ამიტომ მინდა მოვუწოდო ოპოზიციის წარმომადგენლებს, კომისიის წევრებს, ყველას, ვინც იმყოფებით უბნებზე, მშვიდად და პრინციპულად დავიცვათ ხმები, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა მოგვანიჭა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, ხმის მიცემის პროცესი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან მმართველი გუნდის კოორდინატორები, ფიქსირდება ამომრჩევლის მოსყიდვისა და შედეგების სხვა ფორმით გაყალბების მცდელობები. ამასთან, მმართველი გუნდის მხარდამჭერები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან მედიის წარმომადგენლების მიმართ. ისინი ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.