"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ჯამში 13 ინციდენტი დაფიქსირდა.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "ინციდენტები სიტყვიერ შელაპარაკებას არ გასცდენია".
"ჩვენ აღვრიცხავდით ინციდენტებს. მიუხედავად იმისა, რა შთაბეჭდილება იქმნებოდა ეკრანებიდან ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ თითქოს იყო რაღაც აყალმაყალი, საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 13 ინციდენტი, რომელიც არ გასცდენია ძირითადად სიტყვიერ შელაპარაკებას. იცით, რომ რამდენიმე პროვოკატორი ნაციონალური მოძრაობის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით, შემდეგ გათავისუფლებული. გვქონდა ძირითადად ისეთივე სიტუაცია, როგორიც იყო 2 ოქტომბერს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
საპირისპიროზე მეტყველებს "მთავარი არხის" მიერ დღის განმავლობაში გადაღებული არაერთი კადრი, სადაც არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური დაპირისპირებებია ასახული. ხმის მიცემის პროცესი თითქმის ყველა რეგიონში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. უბნებთან კვლავ მობილიზებული იყვნენ მმართველი გუნდის კოორდინატორები სიებით, რომლებიც არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს აღრიცხავდნენ. დაფიქსირდა ასევე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის არაერთი ფაქტი. მმართველი გუნდის მხარდამჭერები მედიის მიმართ დღესაც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. სხვადასხვა რეგიონში ისინი ჟურნალისტებს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, სცადეს ტექნიკის წართმევაც.
ამავე თემაზე:
"მთავარი არხის" ეგზიტპოლის შედეგები | სრულად