ქუთაისის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ მოქალაქეებმა მისი არჩევით "ყველაზე მართალი" გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ხახალეიშვილმა აღნიშნა, საკუთარი საარჩევნო კამპანია ბოლომდე ისე მიიყვანა, როგორც მას შეშვენის.
"არჩევნების გარემო იყო ძალიან ცუდი გამომდინარე ჩემი ოპონენტების მიერ ჩემს მიმართ წარმოებული იმ კამპანიით, რომელიც შუერაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისათვის და ზოგადად ქალაქისთვის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე შევძელი და ბოლომდე მივიყვანე საარჩევნო კამპანია ისე, როგორც ამ ქალაქს შეშვენის, როგორც მე და ჩემ ოჯახს შეგვშვენის. დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემ მიმართ ჰქონდა რაიმე კითხვა, დარჩა პრეტენზია და ასე შემდეგ, ჩემი მუშაობის პერიოდში, ყველას დავანახებ, რომ ამ ქალაქში ეს გადაწყვეტილება იყო ყველაზე მართალი", - თქვა ხახალეიშვილმა.
ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქუთაისში ხმების დათვლა უკვე დაასრულა. წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში მმართველი იოსებ ხახალეიშვილმა ხმათა 51.643% მიიღო, ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი - 48.357%. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში 2 400-მდე ბიულეტენი გააბათილეს.