"ბრძოლა იქნება ბოლომდე, "ოცნებას" ხმების მოპარვა არ შერჩება" | სენაკში მეორე ტური დარღვევებისა და ძალადობის ფონზე ჩატარდა

გამოქვეყნდა:

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სენაკშიც დარღვევებისა და ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა. იმისათვის, რომ საკუთარი გამარჯვება დაეფიქსირებინათ, მმართველ გუნდს ხელისუფლების კრიმინალებთან გაყოფა დასჭირდა.

სწორედ ამის დადასტურება იყო ის, რაც გუშინ, სენაკის 44-ვე საარჩევნო უბანთან ხდებოდა. ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფები საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლებზე მთელი დღის განმავლობაში ზეწოლას ახდენდნენ, დღის მეორე ნახევარში კი, როდესაც ხმების დათვლა დაიწყო, ოფიციალური ბეიჯებით ხმების დათვლის პროცედურაში იღებდნენ მონაწილეობას.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხმების დასაცავად და მიტაცებული ხელისუფლების დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი მექანიზმი - ქუჩაში გასვლა და მშვიდობიანი პროტესტი დარჩათ.

"ყველანაირი მეთოდი გამოიყენა ხელისუფლებამ არჩევნების გასაფორმებლად. კარუსულები, კრიმინალების თარეში, ზღვარი წაშლილი იყო კრიმინალებსა და სამართალდამცველებს შორის. არც მინდა სიტყვა არჩევნები გამოვიყენო იმ მოვლენის შესაფასებლად, რაც გუშინ ხდებოდა. რჩება მხოლოდ ერთი გზა - კონსტიტუციური უფლების გამოყენებით მშვიდობიანი პროტესტი. ბრძოლა იქნება ბოლომდე. არ მივცემთ უფლებას "ქართულ ოცნებას", რომ შერჩეს ადამიანების ხმების მოპარვა", - თქვა სენაკში ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკში ხმების დათვლა დაასრულა. წინასწარი შედეგებით, არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ 53.078% მიიღო, ოპოზიციის საერთო კანდიდატმა კობა ნაყოფიამ კი - 46.922%.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი