პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია თითოეული მოქალაქის ხმას ბოლომდე დაიცავს.
"მე მესმის, რამდენი ენერგია, რამდენი ემოცია მიაქვს არჩევნებს, ბრძოლას და გამარჯვების მოლოდინს, მაგრამ გამარჯვება არის არა ივანიშვილის მიერ ბიულეტენში გაფორმებული გამარჯვება, არამედ გამარჯვება არის თქვენი მიცემული ხმა, რომელსაც ჩვენ არ დავთმობთ და არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს.
არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით, არავინ იფიქროს, რომ დავთმობთ ქვეყანას ან ჩვენს არჩევანს. მთვარია, რომ ამ არჩევნებზე დავანახეთ ოლიგარქს ძალიან დიდი ძალა,რომელიც არ განისაზღვრება რას იტყვის ყალბი და თაღლითი ცესკო, ძალა, რომელიც განისაზღვრება იმ ბრძოლით და შემართებით, რომელიც აჩვენეთ თქვენ. ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ამხელა ბრძოლის ფასად მისცეს ოპოზიციას, ცვლილებებს. გეგმა იქნება მკაფიო, პრინციპული და მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაზე ორიენტირებული", - მიმართა ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიცია დღეს სამოქმედო გეგმას წარადგენს.