ქართული მხარის შეფასება უფრო მკაცრია, უცხოეთის - უფრო თავდაჭერილი, თუმცა ისინიც აღნიშნავენ ყველა იმ დარღვევას, რომელზეც ჩვენც ვლაპარაკობთ. როდესაც უცხოელები ამბობენ, საბოლოოდ, ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა იმ შედეგებს, რომელსაც ცესკო გვთავაზობს, ამაში ვეთანხმები.
მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემენ და ახლა საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული, გაითვალისწინებს თუ არა ამ რეკომენდაციებს და რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს დარღვევები, რომლებიც მის მიერვეა ჩადენილი - აი, ამის არ მესმის.
ხელისუფლებას რომ დემოკრატიული პოლიტიკური ნება გააჩნდეს და საკუთარი გუნდის წევრთა დარღვევებს იძიებდეს, რაღა გვიჭირდა მაშინ? კი არ ვიქნებოდით ასე უცხოელების შეფასებებზე ჩამოკიდებული.
ეს ყველაფერი რომ არ არსებობს საქართველოში, ამიტომ ვიბრძვით... ხო, ისევ ხალხმა უნდა გამოაჩინოს საკუთარი ნება, თორემ დავასრულებთ ავღანეთივით: როგორც მათ უთხრა ბაიდენმა - თუ თქვენ არ გინდათ ბრძოლა, მე თქვენს ნაცვლად ვერ ვიბრძოლებო და გაიყვანა ჯარები.
თუ თვითონ არ გავანძრიეთ ხელი, ეგრე მიგვატოვებს ჩვენც ყველა მეგობარი ბოლოს და დავრჩებით ჩვენი თალიბანის ამარა. სამუდამოდ.
ავტორი: ანა ასათიანი