"საქართველოს ეროვნული პლატფორმა"  საარჩევნო კომისიებს მოუწოდებს, არცერთი საჩივარი არ დატოვონ სამართლიანი განხილვის გარეშე და გამოავლინონ ყველა დარღვევა. პლატფორმაში შემავალი არასამთავრობოები მოითხოვენ -  დაუყონებლივ გაეცეს პასუხი ამომრჩევლების მოსყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

"მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე სახელმწიფო ორგანოებმა, მათ შორის საარჩევნო კომისიებმა, სამართალდამცავებმა იმოქმედონ კეთილსინდისიერად, კანონის ფარგლებში. პირველ რიგში გამოავლინონ და დასაჯონ ყველა პირი, რომელიც ძალადობდა და შეურაცხყოფას აყენებდა მედიის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს.

ამასთანავე, საჭიროა დაუყონებლივ გაეცეს პასუხი ამომრჩევლების მოსყიდვის თაობაზე არაერთ ინფორმაციასა თუ ბრალდებას, რაც არათუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აყენებს შეურაცხყოფას არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის არის დამამცირებელი. მოვუწოდებთ საარჩევნო კომისიებს, პირველ რიგში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არცერთი საჩივარი არ დატოვოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გარეშე, გამოავლინოს ყველა დარღვევა, და არ გაიმეოროს წინამორბედების შეცდომები უბნების ხელახალ გადათვლასთან დაკავშირებით.

ვფიქრობთ, რომ არაჯანსაღი, ფეთქებადი და სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ძალზედ საშიში ვითარება გამოწვეულია პოლარიზაციის უკიდურესად მაღალი ხარისხით, რასაც სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალები უწყობენ ხელს, თუმცა მთავარი პასუხისმგებელი სახელისუფლებო ძალაა, რომელიც არაერთ მათ შორის მიუღებელ ბერკეტს იყენებს სრული ძალაუფლების შენარჩუნებისათვის, რაც, ჩვენი აზრით, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს არ შეესაბამება.

ჩვენ არ გვჭირდება არც ერთპარტიული სახელისუფლებო ინსტიტუტები, რისი პერსპექტივაც კიდევ უფრო იკვეთება და არც დესტაბილიზაცია, რაც ხელს შეუშლის საქართველოს განვითარების დასავლურ ვექტორს და ხელს შეუწყობს რუსული გავლენების ზრდას.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, არ გაცდნენ კონსტიტუციის ფარგლებს, მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით, ასევე დიალოგის გზით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გადაწყვიტონ არსებული პრობლემები", - აღნიშნულია განცხადებაში.

მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ აუცილებელია იმ პირთა გამოვლენა და დასჯა, ვინც მედიის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი