
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყარაჯალაში მომხდარი დაპირისპირებისას ადგილობრივებმა სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ თავდაპირველად გზაზე 15-მდე მოქალაქე შენიშნა, რომლებსაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ.
შსს-ს ცნობით, ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.
"სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიგე ჯგუფები. სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება.
ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თელავის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ყარაჯალარში მომხდარ მოქალქეებს შორის ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.