
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მისთვის საფრთხეებს წარმოადგენს. მისი თქმით, ადვოკატების მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ იმ კერძო კლინიკაში, რომელთანაც იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს.
"ჩვენი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდეს იმ კერძო კლინიკაში, რომელთანაც იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულება აქვს დადებული. არავითარ შემთხვევაშ ეს არ უნდა იყოს კლინიკა, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების რისკებთან და რასაც წარმოადგენს გორის სამხედრო ჰოსპიტალი, მისი სიახლოვის გამო რუსულ ძალებთან და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ "პარპაშებენ" საქართველოში რუსული სპეცსამსახურები", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო იქიდან ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ, მისი გატაცება. ნიკა გვარამიას ინფორმაციას პენიტენციური დაწესებულება უარყოფს და წერს, რომ "ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება".