ზუგდიდში, მას შემდეგ, რაც შვიდი უბნის შედეგების გადათვლა დაიწყეს, აღმოჩნდა რომ 51-ე უბნის 11 ბათილი ბიულეტენი დაკარგული იყო. 4-საათიანი ძებნის შემდეგ, ბიულეტენები კონვერტით, რომლის მთლიანობაც დარღვეული იყო, ადგილზე იმავე კომისიის მდივანმა მიიტანა და თქვა, რომ სხვა ინვენტართან ერთად უბანზე იპოვა.
ზუგდიდის საოლქო კომისიის წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ეს ფაქტი გააპროტესტა და თქვა, რომ შესაძლოა, მსგავსი ტიპის პრობლემები იყოს იმ სხვა უბნებზეც, რომელთა შედეგები ხელმეორედ არ დაუთვლიათ.
"არ იყო ეს კონვერტი გახსნილი, ეს არის მათი სუბიექტური პოზიცია, ეს იყო წებვადი ზოლი, რომელიც ოდნავ იყო აპრეხილი, გადაკეცილ მდგომარეობაში შემოვიდა, შესაბამისად, ბათილობის საფუძვლები არ არსებობს. კომისიამ იმსჯელა, მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა, ამ ბათილ ბიულეტენებში ამოვიდა ერთი ნამდვილი ხმაც, რომელიც დაემატა შესაბამის სუბიექტეს", - თქვა კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა.
ცნობისთვის, 51-ე უბანზე 145 ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ანზორ მელიამ, 184-ხმა კი "ქართული ოცნების" კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ მიიღო.