იზა ჩირგაძე, რომელმაც თქვა, რომ "ქართული ოცნებისგან" არჩევნების გაყალბების დავალება მიიღო, უკვე მეორე დღეა, არ ჩანს.
ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი სწორედ მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მმართველი გუნდი დანაშაულებრივ ქმედებებში საჯაროდ ამხილა.
მასთან კომუნიკაციის დამყარებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები".
მათი თქმით, ჩირგაძეს 2 ნოემბერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა რეგისტრატორს ამ დრომდე ვერ დაუკავშირდნენ.
"ძალიან შევშფოთდით, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც დათანხმდა სამართლიანი არჩევნების დაცვის ქვეშ ყოფნას და ფაქტიურად, ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ დავეხმარებოდით, მაგრამ ვერ ვპოულობთ ამ ადამიანს. ერთი მხრივ გვინდა, რომ დავეხმაროთ ამ ზეწოლების ქვეშ და ამავე დროს, გამოვავლინოთ ის დარღვევები, რასაც რეგისტრატორი საუბრობდა. პასუხისმგებლობა მის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე არის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუმცა ვფიქრობთ, სამართლებრივი დახმარება შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტად გავუწიოთ ახლა, რადგან არ ველოდებით ამ უწყებებისგან ასეთი დახმარების გაწევას", - თქვა "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
ცნობისთვის, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, "ქართული ოცნების" საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა იზა ჩირგაძემ დუმილი დაარღვია და თქვა, რომ შედეგების გაყალბებას სახელისუფლებო პარტია აიძულებდა. ამ საკითხზე კომისიის წევრს იმავე საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრა უნდა ჰქონოდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი ჩირგაძისა და მისი ოჯახის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ზეწოლა გახდა.