
"ჩვენ არ შევეგუებით რომ ოლიგარქის ტყვეობაში, სამართლიანი სასამართლოს არარსებობის პირობებში, მესამე პრეზიდენტი გარდაიცვალოს" -უფლებადამცველი ბაია პატარაია რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ის იქ პირველ რიგში, როგორც უფლებადამცველი ისე იმყოფება.
ბაია პატარაიამ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ შესაბამის კლინიკაში და პატივი სცენ მის უფლებებს.
"მე დღეს, პირველ რიგში, აქ ვარ, როგორც უფლებადამცველი და მეორე რიგში, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი და ამ ქვეყნის მოქალაქე. დღეს ძალიან მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ. რომ დავანებოთ პოლიტიკურ დებატებს თავი, ეს პირველ რიგში, არის ადამიანის უფლებების საკითხი. დღეს ჩვენ გვყავს პატიმარი, რომელსაც არ ღირსებია სამართლიანი სასამართლო.
ჩვენ დიდი ხანია გვინდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანი ცენტრალური ფიგურაა, სადაც ადამიანის უფლებებს სცემენ პატივს და სადაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებულია, მაგრამ დღეს ვხედავთ იმას, რომ ხელისუფლება ადამიანის უფლებები არ აინტერესებს, არ აინტერესებს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლეც კი",- თქვა ბაია პატარაიამ.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის ციხესთან აქცია მართავენ.